არ არსებობს მარცხი, არსებობს მხოლოდ უკუკავშირი!
იღბალი რომ გიმტყუნებს?
ეს როგორ, იღბალი იყო და აღარ არის?
ესე იგი, უიღბლო ხარ, ხომ?
და თუ უიღბლო ხარ, ესე იგი იღბალი არც იყო…
და აბა საიდან იცი, რა არის იღბალი?
და თუ მიზანს მიაღწიე? ამას რა ჰქვია, წარმატება?
ეს წარმატება ადრეც იყო, თუ?…
შიგადაშიგ?
უჰ, ადრე არ ყოფილა?
რატომ, იღბალმა გიმტყუნა?
მარცხი განიცადე?
და თუ გეტყვი, რომ ყოველი ე.წ. მარცხი სასარგებლო ინფორმაციის უზარმაზარი წყაროა, სხვაგვარად რომ ვთქვათ, უკუკავშირი?!
ან იქნებ, როგორც უმეტესობას, გირჩევნია, იფიქრო, რომ „მთელი ცხოვრება თამაშია… თამაშში კი, ჩვეულებრივ, არიან მხოლოდ დამარცხებულები ან გამარჯვებულები…“?
- ეკა, ცოლად გამომყვები?
- არა.
- კი არ გთავაზობ, უბრალოდ, გეკითხები…
დიახ, არიან ადამიანები, ვისაც მიაჩნია, რომ არ არსებობს მარცხი, არსებობს მხოლოდ უკუკავშირი. მათ ურჩევნიათ სამყაროსგან ინფორმაცია მიიღონ თავისი ქმედებების შესახებ, რათა განსჯის საგანი ჰქონდეთ.
ნახე, რა ლამაზი ჩანაცვლებაა! სიტყვა „მარცხი“ რაღაც უსიამოვნოსთან – „ცუდთან“ ასოცირდება, ეს ისაა, რასაც ყველა საშუალებით გავურბივართ, რადგან როცა ამ „ცუდს“ განიცდის, ადამიანი იძულებულია, თავი ცუდადვე იგრძნოს.
„უკუკავშირი“ კი სასურველს შედეგს – „კარგს“ უკავშირდება და ადამიანები ამისკენ მიისწრაფვიან. შესაბამისად, თავსაც კარგად გრძნობენ. ეს კი მოტივაციის ერთ-ერთი მძლავრი საშუალებაა.
გვიან ღამით ნასვამი კაცი ეკითხება გამვლელს:
- თავზე რამდენი კოპი მაქვს?
- სამი.
- მაშასადამე, ორი ხე დარჩა და სახლსაც მივაღწევ!
მართლაც, ყოველი მორიგი მცდელობა მიზანს კიდევ უფრო გვაახლოვებს. უფრო მეტიც, იმის მიღწევაც კი შეგვიძლია, რაზეც უწინ ვერც ვიოცნებებდით!
კაფეში შედის კაცი ძაღლით და დამსწრეებს ნაძლევს სთავაზობს, აქაოდა, ჩემი ძაღლი ახლა დაგელაპარაკებათო. ისინი დათანხმდებიან, ძაღლი კი დუმს. კაცი იძულებულია, წაგებული თანხა გადაიხადოს და საყოველთაო სიცილ-ხარხარსა და ჟრიამულში დატოვოს იქაურობა.
- შენ გამო უმარავი ფული წავაგე, საყვედურობს ძაღლს, – რატომ გაჩუმდი?
- უცნაური ვინემ ხარ! – პასუხობს ძაღლი, – წარმოგიდგენია, რამდენ ფულს მოვხვეტავთ ხვალ?
თუკი ერთხელ აღიარებ, რომ არ არსებობს მარცხი და არის მხოლოდ უკუკავშირი, ერთხელ და სამუდამოდ დააღწევ თავს შეფასებებს. კი არ წავაგებთ, არამედ საშუალება გვეძლევა, კიდევ უფრო დავხვეწოთ ჩვენი ქმედებები. რასაკვირველია, ეს უკუკავშირთა შეკრებითა და შემდგომში მათი მართებულად გამოყენებით მიიღწევა.
და, როგორ შევკრიბოთ ეს უკუკავშირები?
მორიგი მცდელობისას მშვიდად, გარედან შეხედე მიზნისკენ მიმავალ გზაზე წარმოქმნილ დაბრკოლებას.
რა მიზეზით წარმოიქმნა იგი? როგორ მოხვდი ამ რთულ სიტუაციაში? რა ხდებოდა ამ დროს? რა შეცდომები დაუშვი ქმედებებში? რა ზომების მიღებაა საჭირო იმისათვის, რომ მომავალში პრობლემური სიტუაცია აღარ განმეორდეს? სიტუაციის განმეორების შემთხვევაში კიდევ როგორ შეგიძლია მოიქცე?
საბაბვშვო ბაღის აღმზრდელმა ნახევარი საათი მოანდომა პატარა გოგოსთვის შარვლის ჩაცმას. რის შემდეგაც ბავშვმა განუცხადა:
- ეს ჩემი შარვალი არაა.
აღმზრდელმა თავბედი დაიწყევლა და იმდენივე დრო დახარჯა შარვლის გახდაზე, რის შემდეგაც გოგონამ აცნობა:
- ჩემი ძმის შარვალია, ოღონდ დედამ დღეს მე ჩამაცვა…
რამდენი დრო დაიხარჯა?
სწორია. ინფორმაციის შეგროვებას გაცილებით ნაკლები დასჭირდებოდა.
უკუკავშირთა შეგროვების შემდეგ მომდევნო ნაბიჯის ჯერი დგება.
ალბათ, უკვე მიხვდი. ეს ახალი საქციელის გამომუშავება და ახალი მიზნის ჩამოყალიბებაა:
„ასეთი სიტუაციის გამეორება აღარ მინდა. მაშ რა მინდა? რისი გაკეთება შემიძლია იმის მისაღწევად, რაც მინდა? როგორ გავიგებ/მივხვდები, რომ სასურველი შედეგი მივიღე? სად, ვისთან და როდის მინდა, ეს შედეგი რომ დადგეს? რა ეფექტს გამოიღებს ეს ჩემს ცხოვრებაში? რა დაბრკოლებას შეიძლება წავაწყდე? მიზნის მისაღწევად უკვე ახლა რა ნაბიჯის გადადგმა შემიძლია?“…
და თუ უკვე გადაწყვიტე პირველი ნაბიჯის გადადგმა, მაშინ ყველა ზემომოყვანილ კითხვას უპასუხე – ისინი კარგად ჩამოყალიბებული შედეგის წინაპირობებს წარმოადგენს. თითოეული მათგანი დასახულ მიზანს ახლებურად შეგახედებს.
და აქვე შეგიძლია პასუხი გასცე კიდევ ერთ საგულისხმო კითხვას: სად, როდის და ვისთან ერთად იქნებოდა სასარგებლო და, დიახაც რომ, სასურველი ძველი რეაქცია? შეხედე სიტუაციას ამ თვალსაზრისით და…
არაერთ სიურპრიზს აღმოაჩენ!
P. S. ეს ნლპ-ს ერთ-ერთი საბაზო პრესუპოზიციაა.
და აქვე ვუპასუხებ ფიქრიას შეკითხვას: “სულ რამდენი პრესუპოზიცია არსებობს?“
იმდენივე, რამდენიც შეიძლება იყოს დაშვება, გინდაც – აქსიომა.
ისე კი, მათი ფორმულირება და რაოდენობა სხვადასხვა ავტორთან (დილტსი, ბენდლერი, პიუსელიკი, ბაკიროვი, ჰოლი) სხვადასხვაა.
ჩვენ, აქ, უმთავრესად, საბაზო პრესუპოზიციებზე ვსაუბრობთ.
შენ შეგიძლია, ეს წაიკითხო ან არ წაიკითხო, წაკითხვისას დამეთანხმო, ან არ დამეთანხმო და ამას ნამდვილად აქვს აზრი, რადგან შემიძლია გითხრა ან არ გითხრა სიმართლე. ხვდები? თითოეული ჩემი ფრაზა საბოლოო ინსტანციის სიმართლეა, თუმცა დიდი სურვილის შემთხვევაში თთოეულ ფრაზაზე გამოდავება შეიძლება, სურვილი იყოს, და…
SEE U!
P. P.S. კინაღამ დამავიწყდა, სანამ ედისონი ნათურას გამოიგონებდა, ათასი (ზოგიერთის თქმით კი, 10.000) უკუკავშირი მიიღო!




ზუსტად ახლა მჭირდებოდა ეს !.. ))
sxva postebs, nlp-teqnikebs, rodis dadebt?
))))
verafrit shevdivar am linkze..
http://change.ge.
არ ვიცი, რატომ ვერ შედიხარ, მუშაა.