Skip to content

საბაზო პრესუპოზიცია – IV

April 19, 2011
communication

კომუნიკაციის აზრი იმ რეაქციაშია, რომელსაც ის იწვევს

ერთ-ერთ წინა პოსტში ნლპ-ს სამ პრესუპოზიციაზე ვილაპარაკეთ.

ნლპ კი, როგორც მოდელი, გნებავს – ტექნოლოგია, ამ დაშვებებს ეყრდნობა.

მეოთხე პრესუპოზიცია:

კომუნიკაციის აზრი იმ რეაქციაშია, რომელსაც ის იწვევს

საერთოდ, რატომ ვურთიერთობთ? რით გამოიხატება ჩვენი ურთიერთობის აზრი და, საერთოდ, რა თავში ვიხლით ამ აზრს? დასაბამისეული კითხვებია, რომლებზეც ხელის ერთი მოსმით პასუხის გაცემა, ალბათ, არ გამოვა. შეგვიძლია მხოლოდ შევეცადოთ… ბოლო კითხვის პასუხად მარტო იმის თქმა შეიძლება, რომ ადამიანები ყველაფერში საზრისს ეძებენ, ანუ, გაიაზრებენ და, ჰოპ, ყველაფერი ნათელი გახდება. თავის რუკაზე ამისთვის ადგილსაც გამოძებნიან!

  • – ექიმო, ვიცოცხლებ?
  • – მერედა, აზრი?!

ჩვენი პრესუპოზიცია დანარჩენ კითხვებს თავისებურ პასუხს სცემს: „კომუნიკაციის აზრი მიღებულ რეაქციაშია“, ანუ, ჩვენ ვურთიერთობთ იმისათვის, რომ ესა თუ ის რეაქცია მივიღოთ. ეს შეიძლება იყოს ჩვენთვის აუცილებელი ინფორმაცია ან პირიქით – სიგნალი იმის შესახებ, რომ ვიზავისგან ცნობები მივიღეთ.

საერთოდ, ადამიანებს ძალიან აინტერესებთ პასუხი თავიანთ სიტყვებსა და მოქმედებებზე. ცოტა ვინმე თუ მოჰკიდებს ხელს საქმეს, რომელიც მასზე ან მის გარშემომყოფებზე ზეგავლენას არ მოახდენს. და ძალიან ცოტანი არიან ადამიანები, ვინც „ფუჭად“ ილაპარაკებს. უმეტესწილად, გვაინტერესებს, რომ მოგვისმინონ და გაგვიგონ; რომ ჩვენმა ნათქვამმა იმოქმედოს, მსმენელამდე „მიაღწიოს“.

  • – იცით, აინშტაინი ტოკიოში კონგრესზე მიემგზავრება ფარდობითობის თეორიაზე სასაუბროდ…
  • – ეგ რაღაა?
  • – აი, მაგალითად, თავზე სამი ღერი თმა ცოტაა, მაგრამ წვნიანში – ბევრი. თუ ქალიშვილი რაბინთან მიდის, კარგი გოგო და კარგი რაბინია, მაგრამ თუ რაბინი მიდის ქალიშვილთან… თავადაც გესმით…
  • – ამ სისულელეების სათქმელად მიდის აინშტაინი ტოკიოში?

განა საწყენი არაა, რომ ასეთი თვალსაჩინო მაგალითი ასე უკუღმართად გაიგეს? არადა, მოცემულ კონკრეტულ ვითარებაში ეს მაგალითი წარუმატებელია. აქ, ალბათ, სხვა სიტყვები იყო საჭირო, ყოველ შემთხვევაში, ამ მოსაუბრისათვის.

მოდი, გავარკვიოთ, რისგან შედგება კომუნიკაცია. ინფორმაციის გადაცემის პროცესში ჩვენ ვასრულებთ გარკვეულ მოქმედებას გარკვეული შედეგის მისაღებად. ჩვენი ქმედებები იწვევს საპასუხო რეაქციებს.

  • – დილა მშვიდობისა, ჩემო ფისუნია!
  • – რაო? მე ფისუნია ვარ? ესე იგი, ცხოველი? ანუ, შენი აზრით, ძაღლი? დედა! მან ძუკნა მიწოდა!

    response

    რა ვთქვი ისეთი?!

რა გააკეთა კაცმა? რის მიღწევა სურდა ამით და რა მიიღო? ეს სწორედ ის კითხვებია, რაც ამ დროს პირველად მოდის თავში, თუკი კონფლიქტურ სიტუაციას ჩვენი პრესუპოზიციის ჭრილში განვიხილავთ.

„ნორმალური“ ქმრის ტიპური რეაქცია ასეთი იქნება: „მოფერება მინდოდა, ამ ქათამმა კი ვერაფერი გაიგო. ყველა ქალი სულელია!“ მერე წავა და ლუდით ან, კიდევ უარესი, არყით გაიჭყიპება, ცოლი კი კიდევ დიდხანს ვერ მოისმენს მისგან საალერსო სიტყვებს. შეგვიძლია ჩვენც თანავუგრძნოთ: „ცოლის მოალერსება სურდა, ის კი დაეძგერა და დედამისიც საქმეში ჩართო!“

საეჭვოა, ამას ეფექტური კომუნიკაცია ერქვას. სადაა შეცდომა? აი ისიც: საპასუხო რეაქციას იწვევს არა ჩვენი განზრახვა, არამედ – ჩვენი ქმედება. სხვა რეაქციის მისაღებად, უბრალოდ, ქმედებები უნდა შეიცვალოს. თუკი ის, რასაც აკეთებთ, არ მუშაობს, რაიმე სხვა გააკეთეთ! ხომ გსურთ თქვენი განზრახვის რეალიზება და მიზნის მიღწევა?

დედა შვილს აძინებს. ბავშვი ტირის. დედა იავნანას უმღერის – ბავშვი ტირილს უმატებს. დედა ისევ მღერის – ბიჭი ისევ ტირის; მეოთხე ჯერზე ბავშვი თვალს ახელს და ამბობს:

– დედა, კარგად მღერი, მაგრამ მეძინება და არ გინდა, რომ გაჩუმდე?

რასაკვირველია, ხმის ჩახლეჩამდე შეგიძლია უმტკიცო თანამოსაუბრეს, რომ შენი საქციელის აზრი შენს განზრახვაში მდგომარეობს, მაგრამ რეაქციის მიღება ხომ მისგან გინდა? ესე იგი, მისი გადასაწყვეტია, რა აზრს ამოიღებს შენ მიერ მიწოდებული შეტყობინებიდან; ხოლო თუ გინდა, რომ სწორედ ის აზრი დაინახოს, რომელიც გჭირდება, უბრალოდ, შეცვალე მოქმედებები. ეს თვალსაჩინო ხდება, როცა ხვდები, რომ შეტყობინების აზრი იმ რეაქციაშია, რომელსაც ის იწვევს.

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ სწორედ ასე ვიქცევით, როცა ჩვენი სურვილების ასრულება გვინდა, ყოველ შემთხვევაში… მექანიზმებთან. თვალყურს ვადევნებთ გარე რეაქციას და ჩვენს ქმედებებს ვუხამებთ. უფრო მარტივად: თუ მანქანის მძღოლი ორიენტირებული იქნება არა გარე მოვლენებზე, არამედ თავის რწმენებსა და შეხედულებებზე იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს ეს მოვლენები, მაშინ ძალიან მალე თვითონ საავადმყოფოში აღმოჩნდება, მანქანა კი – ნაგავსაყრელზე. ასე რომ, წესი – წესად, მაგრამ აქეთ-იქით გახედვა არ გვაწყენდა!

ჩვენ ავტომატურად ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი მოქმედებების აზრი მიღებულ რეაქციაში მდგომარეობს, მაშინ, როცა საქმე „არაგონიერ“ ბუნებასთან გვაქვს, ხოლო როცა ჩვენ მსგავსებს ვხვდებით, გვინდა, რომ უსიტყვოდ ესმოდეთ ჩვენი…

სხვათა შორის, ადამიანები ხშირად ისე ღრმად ვმალავთ საკუთარ პოზიტიურ განზრახვებს, რომ თავადაც გვიჭირს მათი „ამოთხრა“.

რატომ უყვირის აღმზრდელი ბავშვს? – იმიტომ, რომ ზრდილობიანი გაიზარდოს და ცხოვრებას მოერგოს. რის თქმა უნდა ცოლს გამუდმებული საყვედურებით? – იქნებ მეტი სითბო, სიყვარული და მზრუნველობა სჭირდება?

communication is the response u get

communication is the response u get!

სიურპრიზი! ადამიანებისგან გაგების მიღწევა უფრო იოლია, ვიდრე მანქანებისგან!

ასეთ სიტუაციებში საკმარისია, უბრალოდ, ვუთხრათ ჩვენი განზრახვების შესახებ. დაე, აღმზრდელმა პირდაპირ უთხრას, რა სურს ბავშვისგან. დაე, ცოლმა ქმარს ის სთხოვოს, რაც ახლა სჭირდება: სიყვარული, მზრუნველობა, ყურადღება… და თანაც ისე, იმგვარი ინტონაციითა და ხმით, რომ ქმარს მართლაც მოუნდეს ამ სითბოსა და სიყვარულის გაცემა.

და მაშინ ჩვენი შეტყობინებები აუცილებლად მიაღწევს ადრესატამდე, ხოლო ჩვენ სასურველ რეაქციას მივიღებთ. უკვე ხომ ვიცით, რომ კომუნიკაციის აზრი იმ რეაქციაში მდგომარეობს, რომელსაც იგი იწვევს.

ქალების საუბარი:

-ახალ წელს როგორ შეხვდი?

-როგორც ყოველთვის, საწოლში!

-მერედა, ბევრი ხალხი მოვიდა?

SEE U!

16 Comments leave one →
  1. fiqria permalink
    May 7, 2011 8:08 am

    kidev dade ra sxva postebic :X ai rac ki iyo yvela davakopire da axla undaamovaprintero :D ogond aravis ar unda vachveno :D dzalian sainteresoa :X

    • May 7, 2011 5:05 pm

      Fiqria, აუცილებლად იქნება სხვა პოსტებიც.
      ბევრი! :)

  2. May 7, 2011 10:30 am

    გამარჯობა კოლეგა ნლპ-ერო!
    ძალიან საინტერესო და კარგი საიტია. მასალებიც ადვილად აღქმადი. პროფესიონალის ხელი ეტყობა, რაზეც დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ!
    თუმცა ერთ რამეში ვერ დაგეთანხმებით, ერთ-ერთ კომენტარში თქვენ წერთ, რომ თურმე ”საქართველოში მხოლოდ ერთი ნლპ-ერი იცით და ისიც საქართველოდან წასულიაო”. პირადად მე სერტიფიცირებული (NLP M.A.) ნლპ-ერი ვარ 1998 წლიდან. ჩემი პედაგოგები იყვნენ რუსიკო გორგილაძე, ენ ეტუსი, ჯუდი დელუზიერი, რობერტ დილტსი, მიშა გორდეევი, ანდრეი პლიგინი. 1992წ-ს გავიარე პირველი ტრენინგი თბილისში რუსიკო გორგილაძესთან და ამის მერე ”მოვიწამლე” ნლპ-ით. ასე, რომ თუ არ იწყენთ ჩემს კომენტარს და სურვილი გაგიჩნდებათ, შეგვიძლია გავიცნოთ ერთმენეთი და ვითანამშრომლოთ. მე შევქმენი ტრენინგ-ცენტრი, სადაც პერიოდულად ვატარებ ტრენინგებს. ინფორმაციებს ვაქვეყნებ ძირითადად ფბ-ის გვერდზე-GEO.NLP.Center
    http://www.facebook.com/pages/Geo-NLP-center/146416835414582http://www.facebook.com/pages/Geo-NLP-center/146416835414582
    კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და ველი თქვენს გამოხმაურებას.
    პატივისცემით ნლპ-ერი

    • May 7, 2011 5:00 pm

      გამარჯობა, კოლეგა ნლპ-ერო! მადლობელი და მოხარული ვარ, რომ გამომეხმაურე.
      და ერთმანეთი ვიპოვეთ.
      მართალი ხართ, არასწორი ფორმულირებაა: “საქართველოში ერთადერთი ნლპ-ერი ვიცი და ისიც წასულია”, იმიტომ, რომ სწორია: “საქართველოში ერთადერთ ნლპ-ერს ვიცნობდი და ისიც წასულია”. :)
      რაც ცხადია, არ ნიშნავს, რომ საქართველოში მეტი და უკეთესი ნლპ-ერები არ არიან. უბრალოდ, არ ვიცნობ. :)
      სამაგიეროდ, გაგიცანით და ძალიან გამიხარდა. იმიტომ, რომ მეც “მოწამლული” ვარ.
      მე ასეთი ცნობილი პედაგოგები არ მყოლია. ვინც მყავდა, ერთობ მადლიერი ვარ მათი. :)
      სიამოვნებით ვითანამშრომლებ და ფეისბუქის გვერდზეც გეწვევით.
      და ტრენინგ ცენტრშიც, თუკი სურვილი გექნებათ. ერთობ დავინტერესდი.
      წარმატებებს გისურვებთ უხვად! :)
      ჩემი ელფოსტაა: nlpforu.simons@gmail.com
      SEE U! :)

    • ნოდარი permalink
      September 9, 2011 6:09 pm

      ფეისბუქის გვერდზე ვერ შევდივარ :(

      • ნოდარი permalink
        September 9, 2011 6:12 pm

        ა ვუიხ, შევედი :) )

  3. fiqria permalink
    May 7, 2011 5:25 pm

    gushin daviwye chemi sizmris martva, magram sizmaric ar maxsovs ra vnaxe :D arada ra gulmodgined vawyobdi chems momavals :D dges kidev vcdi :X

  4. ნლპ-ერი permalink
    May 8, 2011 10:21 pm

    ნლპ-ერული სალამი ნლპ-ერს!
    ძალიან გამეხარდა ასე სწრაფად რომ გამოეხმაურეთ ჩემს წერილს. სიმართლე გითხრათ, თქვენმა პასუხმა ჩემი მოლოდინი გაამართლა. არ ვიცი, ჩემი შეფასება რამდენს ნიშნავს თქვენთვის, თუმცა მაინც ავღნიშნავ, ჩემს შეფარულ საყვედურს, თქვენ როგორც ღირსეულმა ნლპ-ერმა უპასუხეთ. მიხარია აგრეთვე, რომ პირადადაც გაგიცნობთ და ვითანამშრომლებთ. ერთად შესაძლებელია მეტი გამოგვივიდეს, ვიდრე ცალცალკე.
    ველი ჩვენი ვირტუალური ნაცნობობის, არავირტუალურ მეგობრობაში გადაზრდას.
    პატივისცემით ნლპ-ერი

    • May 10, 2011 9:08 am

      გამარჯობა ნლპ-ერო!
      ვირტუალური ნაცნობობის არავირტუალურ მეგობრობაში გადასაზრდელად საკონტაქტო მონაცემები მჭირდება. :) :)
      გმადლობ შეფასებისა და პასუხისთვის.

  5. ნლპ-ერი permalink
    May 8, 2011 10:26 pm

    P.S.
    შესაძლებელი FB-ის გვერდით დიდად ვერ მოიხიბლოთ, განსაკუთრებით თქვენი საიტის შემდეგ, მაგრამ ვეცდები უფრო მეტი დრო დავუთმო და გავაუმჯობესო.
    დროებით ნლპ-ერო

  6. fiqria permalink
    May 11, 2011 6:22 pm

    male iqneba axali postebi? :P P

  7. Mr.LuCCa permalink
    May 29, 2011 7:37 pm

    გამარჯობათ.

    ძალიან საინტერესოდ მეჩვენა ფსიქოლოგიის ეს მიმართულება და მინდა ნორმალურ დონეზე დავხელოვნდე. სიმართლე გითხრათ აქ რასაც ვკითხულობ გასაგებია მაგრამ პრაქტიკაში როგორ გამოვიყენო ვერ შევძელი. დახმარება მესაჭიროება და ვინ დამეხმარებით?

    მადლობა წინასწარ.

    • June 2, 2011 3:39 pm

      Mr.LuCCa, “დახმარებაში” კონკრეტულად რას გულისხმობთ? თქვენი აზრით, რაში გამოიხატება დახმარება?

  8. George permalink
    July 17, 2011 8:01 pm

    აუ მეც ისე საშინლად ვარ მოწამლული და მშურს თქვენი, რადგან თქვენი გამოჯანმრთელების აღარანაირი შანსი არ არსებობს (ნლპ–ერებო).

    ძალიან მოხარული ვიქნები თუ თქვენს სნეულებას ნავთად გადამავლებთ ახლად ანთებულ ნაპერწკალზე. Geo NLP center–ში აუცილებლად მოვალ…

    თქვენი უშუალო გაცნობა და თქვენთან ‘რაპორტიც’ ჩემთვის ოცნებაზე უფრო ბედნიერება იქნება.

    მადლობთ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.