თვალის მისაწვდომობის გასაღები
თვალის მისაწვდომობის გასაღები ნლპ-ში გამოყენებული ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პატერნია (პატერნი – ადამიანის ქცევის სისტემატურად განმეორებადი მყარი ელემენტი/ფრაგმენტი ანდა ელემენტთა/ფრაგმენტთა თანამიმდევრობა). საქმე ისაა, რომ ადამიანის თვალის მოძრაობები დასამუშავებელი/დამუშავებადი ინფორმაციის მოდალობებს (მოდალობები – რეპრეზენტატიული სისტემები: ვიზუალური, აუდიალური, კინესთეტიკური) უკავშირდება.
ახლა ადამიანურად ვილაპარაკოთ: ყოველთვის, როდესაც ადამიანი ფიქრობს, ლაპარაკობს, მოსაუბრეს უსმენს, კითხვებზე პასუხობს , რაიმე მოსაზრებას გამოთქვამს, სწავლობს (მოკლედ, როცა არ სძინავს) და ეთსეთერა, მისი თვალები გამუდმებით მოძრაობს და ამის გაკონტროლება პრაქტიკულად შუძლებელია.
რას გვაძლევს ეს და რისთვის გვჭირდება?
ახლავე…
დასაწყისისთვის მცირე ისტორია: პირველად თვალის მოძრაობის გასაღებები აღწერა… არა, რიჩარდ ბენდლერმა კი არა, ამერიკელმა ფსიქოლოგმა უილიამ ჯეიმსმა და შიდა პროცესებიც სამ ტიპად დაჰყო: ვიზუალური, აუდიალური, მოტორული. ეს სწორედ ის გახლავთ, რასაც ნლპ-ერები რეპრეზენტატიულ სისტემებს უწოდებენ.
და სწორედ უილიამ ჯეიმსმა პირველად აღწერა დროის ხაზზე მოგონებების შენახვა.
ახლა პატარა გადახვევა:
დადექი ოთახის შუაგულში (პრინციპში სულ ერთია, სად დადგები, მთავარია, რომ შენ გარშემო სივრცე იყოს), დახუჭე თვალები (შეგიძლია არ დახუჭო, თუ ეს ხატებების წარმოდგენაში ხელს გიწყობს) და წარმოიდგინე შენი გუშინდელი დღე. უბრალოდ გუშინდელი დღე – ვთქვათ, 18 აგვისტო. ახლა რომელიმე ხელით (ეგება და ცაცია ხარ?) სივრცეში მიუთითე, სად გეგულება ეს დღე.
არ გიკარნახებ.
იმიტომ, რომ შენმა ქვეცნობიერმა ჩინებულად იცის, სად არის ეს დღე.
მიუთითე ის ადგილი, რომელიც პირველად მოგივა თავში.
გამოვიდა, ხომ?
ახლა ჩამოუშვი ხელი და წარმოიდგინე შენი ხვალინდელი დღე. უბარლოდ ხვალინდელი დღე.
სად არის ის სივრცეში?
გუშინწინდელი დღე სად არის?
ზეგინდელი?
სად არის შენი “ერთი კვირის წინ”?
“ერთი კვირის შემდე”?
დაადგინე, ხომ?
ახლა წარმოსახვითი ხაზი გაავლე შენს ერთი კვირის წინანდელ (შეგიძლია გუშინდელი ან გუშინწინდელი დღით შემოიფარგლო) და ერთი კვირის შემდგომ (ხვალინდელ, ზეგინდელ) დღეებს შორის.
დარწმუნებული ვარ, გარკვეული “ტრაექტორია” მიიღე.
შესაძლოა ეს იყოს სწორი ხაზი, მრუდი, კვანძი, სპირალი, ზიგზაგი, მებიუსის ლენტი და ეთსეთერა.
სწორედ ესაა შენი დროის ხაზი (რომელსაც ზოგჯერ, შენსავე სასიკეთოდ, შეცვლა სჭირდება).
და ამაზე შემდგომ.
ახლა თემას დავუბრუნდეთ.
მოგვიანებით ეს პატერნი (თვალის მისაწვდომობათა გასარებები) ნლპ-ერებმა შენიშნეს.
და გამოიყენეს.
ამ პატერნს იყენებდა პოლ ეკმანიც (და მისი დოქტორი ლაითმანიც).
არსებობს თვალის მდებარეობის/მოძრაობის განსაზღვრული შესაბამისობა იმასთან, თუ დროის მოცემულ მონაკვეთში რომელ მოდალობაში (რეპრეზენტატიულ სისიტემაში) აწარმოებს ადამიანი ინფორმაციის მოძებნას/დამჲშავებას.
V -ვიზუალური მოგონება/გახსენება. ესაა წარსული მხედველობითი გამოცდილება, მხედველობითი მეხსიერება, ანუ ყველაფერი, რისი გახსენებაც ადამიანს ვიზუალურად შეუძლია.
ახლა ერთი პატარა საიდუმლო, რომელსაც ასე იოლად არ გაგიმხელენ: V-ს მიეკუთვნება ხატებებიც, რომელთა კონსტრუირება ადამიანმა წარსულში მოახდინა. რაც იმას ნიშნავს, რომ, მაგალითად, ცრუპენტელას ამოცნობისას, ამის ცოდნა და დანახვა საშუალებას მოგცემს, მართებული დასკვნა გააკეთო.
VK – ვიზუალური კონსტრუირება. ეს ახალი გამოცდილების/ხატებების შექმნა, დაგეგმვა, მათემატიკური გათვლების წარმოებაა. ყველაფერი, რის კონსტრუირებასაც (შეთხზვასაც) ადამიანი მოცემულ მომენტში ახდენს.
A – აუდიალური მოგონებები. სმენითი მეხსიერება – ინტონაცია, ხმები, ბგერები, მუსიკა.
AK – აუდიალური კონსტრუირება. ახალი აუდიალური გამოცდილების შექმნა, მუსიკის შეთხზვა. ახალი ინტონაციები, ბგერები, ხმები, ის რაც ადამიანს უწინ არ მოუსმენია, თუმცა შეუძლია გამოიგონოს.
AD - შინაგანი დიალოგი. საკუთარ თავთან საუბარი, რაღაცის გამეორება.
შინაგანი დიალოგი ასევე პასუხისმგებელია მეტყველების კონტროლზე ანუ იმ ფრაზების მართებულად აგების ანალიზზე, რისი თქმა ღირს და რისი – არა.
K – კინესთეტიკა. სხეულის მეხსიერება, შეგრძნებები, გემო, სუნი, შეხება, მეტა-შეგრძნებები. ყველაფერი, რაც დაკავშირებულია შეგრძნებებთან, განცდებთან და ისევ ეთსეთერა.
შეგიძლია დაიმახსოვრო: თვალები იმოძრავებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს ინფორმაციის მოძებნა სჭირდება!
ანუ: თუ საჭირო ინფორმაცია “ოპერატიულ მეხსიერებაში” ძევს, თვალები არ იმოძრავებს!
შემდეგ პოსტში ვნახოთ, რა შემთხვევაში როგორ მოძრაობს თვალი.



Trackbacks